Skip to content

ქუთაისელი ბიჭი

April 27, 2013
malkhaz_asatiani

ის გავდა მოცეკვავეს, მხედარს, თანაბრად კარგად გამოსდიოდა ჩამშლელის და შემქმნელის ფუნქციების შესრულება. ეროვნულ გუნდში იყო საუკეთესო, ვინც მოედანზე ის გადაიტანა,რაც გულით დაჰქონდა.
მაშინ იმ საოცარ მატჩში დანიელებთან ის იყო საუკეთესო მათ შორის ვისი თამაშიც ცოცხლად მინახავს, რადგან გვთავაზობდა საოცრად ლაღ, აზრიან, შემოქმედებით და ყველა იმ ასპექტით სავსე სანახაობას, რომლითაც ხასიათდება თანამედროვე ფეხბურთი.
ჩემი სუბიექტური აზრით ასათიანის ხანმოკლე კარიერა ფსიქოლოგიური გადაღლითაც შეიძლება აიხსნას,რაზეც თავად არასდროს უსაუბრია. ამ საკითხს არც ჟურნალისტები ეხებოდნენ, რისი მიზეზიც შესაძლოა მისი პიროვნული კარჩაკეტილობაც იყოს.ის ერიდებოდა ხალხმრავლობას,საჯარო საუბრებისას სიტყვაძუნწი, თუმცა ყველას მიმართ გულღია და ხალისიანი, ყოველგვარი პომპეზურობისა და ბომონდურის გარეშე ცხოვრობდა.
და მაინც რაში იყო მალხაზ ასათიანის განსაკუთრებულობა ? ვფიქრობ მის კლასს ორი თვისება განსაზღვრავდა: აზროვნება, როდესაც ტვინი და სხეული შეთანხმებულად მოქმედებს და თვალი – ხედვა მოედნისა, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა, რადგან იცოდა როდის წასულიყო მცველზე და როდის შეესრულებინა პასი.
მათი კარიერა სწრაფად გადის. ზოგჯერ დროის აღქმას ფეხბურთელები ვერ ახერხებენ, ძნელია მათთვის რეალობის გაანალიზება და სწორი გადაწყვეტილების მიღება. რაც უფრო მეტად ექცევი ყურადღების ცენტრში შესაბამისად შენზე ზეწოლაც იზრდება. შენგან ითხოვენ მაქსიმუმს ისინი, ვისაც გულშემატკივრები ჰქვიათ და რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ ფსიქოლოგიურად გღლიან. არავინ ფიქრობს ფეხბურთელთა განცდებზე, როდესაც ტელეეკრანებთან მჯდომნი მხოლოდ გამარჯვებით კმაყოფილდებიან.
საკლუბო ფეხბურთის მთავარ უპირატესობად თამაშების ხშირი გრაფიკი მიიჩნევა, რადგან ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს ფეხბურთელთა სათამაშო ფორმის ასამაღლებლად საამისო დრო არ აქვთ, აქედან გამომდინარე ნაკრებების მწვრთნელთა შესაძლებლობაში ტაქტიკურ-ფსიქოლოგიური მომზადების უნარი უნდა ვეძიოთ.ეს მომენტი კიდევ უფრო რთულად ისახება ასათიანის შემთხვევაში, რადგან იგი კლუბსა და ნაკრებში სხვადასხვა პოზიციაზე ასპარეზობდა.ასკას, რომელსაც კლუბში სხვა პოზიციაზე და შესაბამისად სხვა მოთხოვნების მიხედვით უხდებოდა თამაში , ნაკრებში გამოძახებისას უცვლიდნენ პოზიციას და მისგან წარმატებულ თამაშს ითხოვდნენ, ერთგვარ ჩიხში აქცევდნენ.ამის გააზრება მარტივია გულშემატკივრისთვის, კონტრასტულად ძნელი – ფეხბურთელისთვის.ფეხბურთელთა უმეტესობა ამ დროს გამოდის და ინტერვიუში დიპლომატიურად ამბობს, რომ მოვალეა ითამაშოს იქ, სადაც მწვრთნელი დაავალებს, მაგრამ რა ხდება მასში? იგი ხომ მხოლოდ მწვრთნელის დავალებას არ ასრულებს? გულშემატკივართა უმრავლესობას ანალიზი შედეგიდან გამომდინარე გამოაქვს, ამიტომ შენ მთელი მონდომებით გადიხარ მოედანზე, შენ გაწვება ძალა და ნაკრებში გატარებული დღეები ზედმეტი ფსიქოლოგიური ტვირთია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფეხბურთელთა სატრანსფერო უფლებები და არჩევანის თავისუფლება მაღალჩინოსანთა ხელში გადავიდა.არაპროფესიონალურმა მიდგომამ მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერა შეიწირა, წინა პლანზე სწორედ იმ ფაქტორებმა წამოიწიეს, რომელთაც ურთიერთნდობასა და სწორ საფეხბურთო არჩევანთან საერთო არაფერი ჰქონდათ. დაბეჯითებით ძნელია იმის თქმა, თითქოსდა ასათიანის კარიერული წინსვლა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა შეაჩერეს, ფაქტი კი ფაქტად რჩება – ასკას არ მიეცა შეტევითი პოტენციალის გამოვლენის საშუალება, შეუცვალეს პოზიცია და ქართულ ფეხბურთს იმაზე დიდი ტკივილი მიაყენეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
და მაინც დღევანდელი გადმოსახედიდან რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია? მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის იყო ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელი მათ შორის ვისაც კი ეროვნული ნაკრების მაისური მოურგია.

From → Uncategorized

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: